მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძემაც კი, რომელსაც ნებისმიერი სიბინძურის თქმა შეუძლია, ვერ დაასახელა მტკიცებულება, რომ ივანიშვილი ოლიგარქის რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც უნდა შეფასდეს, შეიძლება თუ არა ადამიანს ეწოდოს ოლიგარქი.
მდინარაძის თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პროცესებში, შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი.
ამავდროულად, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და ამ ჩიხის გამო, მათთვის აღნიშნული კანონი ხელსაყრელი არ არის.
„არის რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც უნდა შეაფასო, მაგალითად, უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, ან რაიმე ფორმით გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე. ყველა სხვა პირობა რომ დაკმაყოფილებული იყოს, ამის გარეშე ადამიანს ვერც კანონით, ვერც ისე ვერ დაარქმევ ოლიგარქს. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რადგან არ არსებობს ეს რეალობა, ეს მოცემულობა, შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ არის სხვა კრიტერიუმები, რომ გავლენას ახდენს, აფინანსებს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას – არ აფინანსებს, შესაბამისად, მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ადამიანს უწოდო ოლიგარქი, შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი. ფეიკი რომ არის ამასთან დაკავშირებული მათი ყველა წინადადება და რომ ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი. ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად ხომ რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, რაც გნებავთ, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერასდროს დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ახლა, ამ ჩიხის გამო ამბობენ, რომ არ გვაწყობს ეს კანონი. ანუ, უკრაინაში რაც კარგია, ჩვენთან არ აწყობს ოპოზიციას და ახლა უნდა ვიაროთ მათ დაკრულზე. გავაკეთოთ ისე, რომ ვიმსჯელოთ ამ თემაზე, თუ აწყობთ, გადმოვიტანოთ უკრაინული კანონმდებლობა და პირდაპირ მივიღოთ, ამაზე თანახმა ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.