მამუკა მდინარაძე - გიორგი სამუშიას დაკავება არის „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოპეა, ტრიუმფიც და მათი სახის კიდევ ერთი გამონათება
„ნაციონალური მოძრაობის“ სტილის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ ჯერ ერთად არიან, კონკრეტული ადამიანი მათ სახეს წარმოადგენს და როდესაც ნეგატიური ნიშანი ეკერება, მაშინვე ემიჯნებიან ამ ადამიანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინაში დაკავებულ გიორგი სამუშიაზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი სამუშია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა.
„ეს არის მათი ერთ-ერთი სტილი და უფრო სწორად, მათი სტილის ერთ-ერთი მიმართულება, როდესაც ჯერ ერთად არიან, მათ სახესაც კი წარმოადგენს კონკრეტული ადამიანი და შემდეგ, როგორც კი ობიექტურად ნეგატიური ნიშანი ეკერება რომელიმე ადამიანს და ბრალდებული იქნება, ამ შემთხვევაში წამებაში, მაშინვე ემიჯნებიან. ასე სწირავენ სინამდვილეში თავიანთ თანაგუნდელებს. ეს არის კლასიკური ფორმა, როგორ უნდა გაწირო შენიანი. ამ შემთხვევაში, მათ გაწირეს თავისიანი, რადგან ის ბრალდებულია წამებაში. რეალურად ეს ადამიანი არის მათი რეალური სახე. ორდღიანი ეპოპეა რომ ჰქონდათ ამ დღეებში, პასპორტის დაბრუნება რომ გახდა რაღაც საუკუნოვანი მოვლენა, მიხეილ სააკაშვილს პასპორტი დაუბრუნდა და ახლა ამით ახალი ერა დაიწყო. რეალურად ეს ეპოპეა ორ დღეში დასრულდა მათი წარმომადგენლის დაკავებით, რომელსაც ბრალად ედება წამება. ეს არის მათი ეპოპეაც, ტრიუმფიც, უკრაინაში შესრულებულ-დასრულებული და მათი სახის კიდევ ერთი გამონათება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პირველი არხისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს. ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ პროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციაზე მიმართავს.