მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას მიერ კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ ახლად შექმნილი „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი დააჩქარა
გიორგი გახარიას მიერ კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ ბოლო დღეებში ახლად შექმნილი „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი დააჩქარა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ზოგიერთ მხარდამჭერს აქამდე მართლაც სჯეროდა, რომ გახარიას პარტია „ოცნების“ პროექტი იყო, თუმცა კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ აღარ დატოვა სივრცე სპეკულაციისთვის.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს ფაქტი წყალგამყოფი აღმოჩნდა თავად გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვისაც.
„როგორც ჩანს, გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ჩვენზე განაწყენებული ადამიანებისთვის, ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს ვგულისხმობ, წყალგამყოფი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიამ კალაძის წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა. როგორც ვხედავთ, ამ ფაქტორმა ბოლო დღეებში დააჩქარა ახლად შექმნილი „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან მოტყუებულები. როგორც აღმოჩნდა, მათგან რამდენიმეს, და არაერთია ასეთი ადამიანი, ნამდვილად და გულწრფელად სჯეროდა, თითქოს ეს იყო „ქართული ოცნების“ პროექტი. ამ ფაქტმა ეჭვებში აღარ დატოვა სივრცე სპეკულაციისთვის. ყველამ კარგად იცის, რეალობა რაც არის და ადამიანების, განსაკუთრებით, ჩვენი მომხრეების უმრავლესობა სიმართლეს ხვდება, რომ ეს არ არის არავის პროექტი.
ეს არის „მაშველი რგოლი“ „ნაცმოძრაობისათვის“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა და ჩვენ 43%-ზე უარი ვთქვით, გახარიას პარტიამ ფუნქცია დაკარგა. თავად გახარიამ პერსონალურად ახალი ფუნქცია შეიძინა, რომ რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს მელია. ირაკლი კობახიძის სიტყვებს გავიმეორებ, არჩევნები ნამდვილად არ არის ოლიმპიადა, რომ იბძროლო ბრინჯაოს მედლისთვის. მაშინ არის კითხვა, რატომ შემოდის ეს ადამიანი თბილის მერის არჩევნებში, როდესაც გარანტირებულად, პრაქტიკულად მესამე ადგილი აქვს, თუ მეოთხე და მეხუთე არა, მესამე ადგილი აქვს 99%, გარანტირებულად. ანუ, ის ეხმარება ვიღაცას, კალაძეს რომ არ ეხმარება, ყველამ ნამდვილად ვიცით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.