მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა
პარტიის ხელმძღვანელმაც თქვა და რამდენიმე დღის წინ თავად გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რომ მისი გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა, – ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ადამიანებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, გამოძიება მიმდინარეობს და ვნახეთ, რომ 2 პოლიციელი დაკავებულია.
„დღეს პარტიის ხელმძღვანელმაც თქვა და რამდენიმე დღის წინ თავად გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რომ მისი გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული დემორალაზება, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო დაშლა. არ ვსაუბრობ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ადამიანებმა და ესენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამას გამოძიება სჭირდება და ჩვენ კონკრეტული შემტხვევებიც ვნახეთ, როდესაც ორი პოლიციელი დააკავეს, გამოძიება გრძელდება. არავის, თანამედროვე მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია და კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ამ დროს, საქართველოში ისმება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენად რელევანტურია ეს ორი რამ ერთმანეთთან – ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.