მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი გახარია ბოლო პერიოდში პარლამენტში ორჯერ იყო მოსული და სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა.
„გიორგი გახარია პარლამენტში ხვალ მესამედ მოდის და დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ, სოციალურ ქსელში ვარჯიშის სურათები დადეს, რომ ეტყობა შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის. მხოლოდ ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა, პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და „ქართულ ოცნების“ მხარეს არის სიმართლე. დებატებს ეს იგებს და არა რაღაც მოთელვა და სოციალური ქსელიდან შეშინებები. როგორც მავნებლური და კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბებული ე.წ. კლასტერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის პლენარულ სხდომაზე, როცა ფიქრობენ, რომ ზიანს მიაყენებენ ხელისუფლებას. როცა საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ პარლამენტში არ დადიან, კონსტიტუციასა და საზოგადოებრივ კონსენსუს არაფრად აგდებენ და მოდიან მხოლოდ მაშინც როცა უნდათ, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენონ. სხვა არაფერი ფუნქცია აღარ აქვთ, გარდა მავნებლობის ადა კრიმინალური პოლიტიკური მენტალობის შექმნის, რაც ბოლო დღეებში გამოჩნდა. როცა საზოგადოებრივ საჭიროებებზეა საუბარი, მათ შორის ბიუჯეტზე, პარლამენტში მაშინ არ მოდიან. კრიმინალები საბოლოოდ ისჯებიან სასამართლოსა და სახელმწიფოს მიერ, კრიმინალური ოპოზიცია დაისჯება ხალხის მიერ და საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.