მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ, მათ აშკარად შეკრეს კოალიცია
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ, მათ აშკარად შეკრეს კოალიცია

გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ და მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ შეაფასა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს: „ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით სამი დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, სააკაშვილის მხრიდან სიტყვა „წავართვის“ ხსენება ყველაფერზე მეტყველებს.

„მიხეილ სააკაშვილი როცა ასახელებს რუსთავს, წალენჯიხას, ჩხოროწყუს და საუბრობს იმ ადგილებზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოების თავმჯდომარეებად გიორგი გახარიას წარმომადგენლებს მხარი დაუჭირა და სააკაშვილი ამბობს – წავართვით, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს წამოცდენა იყო, თუ რა, ყველა შემთხვევაში ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ და მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.