მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიას ვურჩევდი, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში და ბუნდოვანი აღარ იქნება
მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიას ვურჩევდი, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში და ბუნდოვანი აღარ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას ურჩევს, საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წაიკითხოს.

მისი თქმით, პროექტში ზედმეტი მანდატების განაწილების შესახებ ნათლად არის მითითებული.

„გიგა ბოკერიას ვურჩევდი, სანამ განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, კონსტიტუციაში რა ცვლილებები შევიდა, რა დაიწერა და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს. შემდეგ მისთვის ცვლილება ბუნდოვანიც აღარ იქნება. ცვლილებების მეორე პრიმა მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ ე.წ. ჩამკეტის ამოქმედების დროს, როცა მანდატების რაოდენობა გადაცდება ამ ჩამკეტით გათვალისწინებულ რაოდენობას, ზედმეტი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. ეს მარტივი რამ წერია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად, შეიძლება, პარტიამ მოიპოვოს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების დროს 79 მანდატი, ხოლო ჩამკეტი არის 76, სამი მანდატი მას მოაკლდება და დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილდება. რა თქმა უნდა, ეს აკლდება პროპორციული სიიდან, მაჟორიტარებს არ შეეხებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ პროექტში არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც უნდა დაზუსტდეს. მისი თქმით, ბუნდოვანება ე.წ. ჩამკეტს ეხება.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს გუშინ წარედგინა. კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა – 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ცვლილებების გათვალისწინებით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.