მამუკა მდინარაძე - ღირსება და ვაჟკაცობა ვისაც ეყო, ბოდიში მოიხადა და ოპონენტებს აღიარებაც კი უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხი, ჩვენ შორის სხვაობა სწორედ ამაშია
ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო ძალიან ზედმეტი და არ იყო სწორი საქციელი, არ დაგვიმალავს, არ დაგვიწყია ჩვენი თანაგუნდელის დაცვა იმ რამდენიმე ფრაზასთან დაკავშირებით, რაც არ მოგვეწონა, დავგმეთ ეს ამბავი და მას ეყო ვაჟკაცობა, გამოვიდა ნახევარ თუ ერთ საათში და ბოდიში მოიხადა სახალხოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ზოგიერთი ოპონენტი გუშინ პარლამენტში მომხდარით ქულების დაწერას ცდილობს.
„ამ დროს ის ადამიანები, რომლებიც ახლა გაგრძელებას და პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ, მოღალატეებს ეძახიან ადამიანებს, ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მათ შორის რაღაც ფაშისტურ და ბოლშევიკურ „შავ სიებში“ რომ მოხვდნენ ქალი დეპუტატები, ქალზე თუ აქვთ აქცენტები, ამას საერთოდ ატარებენ, არაფერს ამბობენ ამაზე. მათი ერთ-ერთი ლიდერი წლების წინ პრეზიდენტ ქალს რას ეძახდა, მაგრამ როგორც კი მათკენ გადავიდა ეს პრეზიდენტი ქალი, მერე აღარ არის შეურაცხყოფა და ისე არ არის. ანუ მათ ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ, მათ არ შეუძლიათ ღირსეული საუბარი, არ შეუძლიათ, განასხვაონ, რა არის შეურაცხყოფა. დღეს მითხრეს, შეკამათება რომ იყო, მოღალატე რა შეურაცხყოფააო, მათთვის არ არის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის არის. არ ვამართლებ, დავგმეთ კიდევაც, პირიქით, მაგრამ სამშობლოს მოღალატეს რომ დაგიძახებენ, „წამოთხლაშული“ და ასეთი რა საშინელებებიც უნდა ეძახო ადამიანს, მოღალატე არის ყველაზე მძიმე შეურაცხყოფა, სამშობლოს მოღალატეს რომ გეძახიან. ეს არის პოლიტიკური შეფასებაო, რაზე ვლაპარაკობთ, მათთვის არის პოლიტიკური შეფასება და ნებისმიერი ნორმალური ქართველისთვის, ვისაც ოდნავ მაინც სამშობლოს განცდა და სიყვარული აქვს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს. შეურაცხყოფის ფორმულაზე ვერ ვთანხმდებით და რაზე შევთანხმდებით? ღირსება და ვაჟკაცობა ვისაც ეყო, ბოდიში მოიხადა და მათ აღიარებაც კი უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხები, ჩვენ შორის სხვაობა სწორედ ამაშია“, – განაცხადა მდინარაძემ.