მამუკა მდინარაძე - ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების ისტერიული პრინციპით გაკაპასებული კამპანია წარმოებს, ჩვენ რომ ჰააგაში სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ
მამუკა მდინარაძე - ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების ისტერიული პრინციპით გაკაპასებული კამპანია წარმოებს, ჩვენ რომ ჰააგაში სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ

ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება აჟიტირებული, გაკაპასებული კამპანიის წარმოება. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა, მოპოვებული მტკიცებულებებით, სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი.

მისივე თქმით, ჰააგის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინა რუსულმა, ანუ ოკუპანტის მხარემ და ამ სამართლებრივ ბრძოლაში საქართველო გამოვიდა გამარჯვებული.

„ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე, ვიდრე ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ რომ 7 აგვისტო წერია და აქ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტები მოქმედებდნენ, რუსეთი არაფერ შუაში არ იყოო, პრაქტიკულად ამას ლაპარაკობდნენ და 8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან? ჩვენზე კარგად ხომ იციან, მე-5 პუნქტში რაც ჩაწერეს და რას დაუჭირეს მხარი, რომ კასეტური ბომბებით დაიბომბა ცხინვალი და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეექმნა და რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ომის დაწყება 7 აგვისტოს სწორედ ამას დაუკავშირეს? ეს ხომ იციან? ის ხომ იციან, რომ მე-11 პუნქტში თავად მოაწერეს ხელი იმაზე, რომ ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევას ჰქონდაო ადგილი და შესაძლოაო საქართველოს და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ომის დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და საფუძვლიანი გამოძიება სჭირდებაო, და კიო, სჭირდება ამას საფუძვლიანი გამოძიებაო, ეს შესაძლებლობა რომ დაუშვეს, თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან? და ახლა, ღალატი ხომ გადაჭარბებული არ არის, რადგან ეს შავით თეთრზე წერია შეფასებად, ამ ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება მათი მხრიდან აჟიტირებული გაკაპასებული კამპანიის წარმოება.

რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს მოცემულობა, რაც მათ დაუშვეს და რითიც თავიანთ სამხედროებს უდიდესი დარტყმა მიაყენეს და რისკის წინაშე დააყენეს ეს ადამიანები, როგორც არ ვიცი, შეიძლება თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო ობიექტი ამ შემთხვევაში, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უამრავი მტკიცებულება მოძიებული, არ ვიცი, გენშტაბის უფროსი, სამხედროები, გასაგებია, რომ რიგით სამხედროებზე შეიძლება არ ყოფილიყო ლაპარაკი. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა. ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.