მამუკა მდინარაძე - გერმანიის ელჩმა ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვლაპარაკობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს
გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა, არც სხვა ე.წ. პოლიტპატიმარი და არც მართლმსაჯულებაში რაიმე ჩარევაზე იყო საუბარი. ამით ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელსაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სამეგობრო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერი გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩმა ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე ისაუბრა.
„ვიდრე გერმანიის ელჩი ამ განცხადებას გააკეთებდა, საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების არაერთი განცხადება. თავიდან იყო ზოგადი მინიშნებები, შემდეგ ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება, სადაც შეთანხმების ე.წ. მეორე ნაწილთან დაკავშირებით იყო კონკრეტული მინიშნება, რომ ეს არის განგრძობითი პროცესი – ანუ პოლიტიკის ჩაურევლობა მართლმსაჯულებაში. შემდეგ იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც კონკრეტული ციფრი მიუთითა – 142. ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაითვალა და ყველას მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიეღოთ, მხარი დაეჭირათ კონსტიტუციური კანონის პროექტისთვის – ანუ, შეთანხმების პირობები შეესრულებინათ სრულად. ეს ყველაფერი მათ ვერ გაიგეს და როგორც ჩანს, დღესაც არ აპირებენ გაგებას, როდესაც, გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, კონკრეტულად, კიდევ უფრო დაზუსტებით და ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა, არც სხვა ე.წ. პოლიტპატიმარი და არც მართლმსაჯულებაში რაიმე ჩარევაზე იყო საუბარი. მან მიუთითა, რომ შეთანხმების პირობა არ იყო ეს, ამით ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელსაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სამეგობრო კრიმინალური დაჯგუფებების სახით უკვე გარდაქმნილი ე.წ. ოპოზიცია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.’
საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა დღეს 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.