მამუკა მდინარაძე - გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი ბუნდესტაგში აღმოჩნდა
სამწუხაროა, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი, ინსტრუმენტი სააკაშვილის, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ევროპელ პარტნიორებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ, რათა ასეთი ფაქტები არ გახდეს ევროპის წინააღმდეგ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბების საფუძველი.
„გერმანია საქართველოს მეგობარია ქვეყანაა, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ძებნილი და კრიმინალი ადეიშვილი, ინსტრუმენტი სააკაშვილის, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა. კადრები ვნახეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ადამიანი სიმბოლოა სააკაშვილთან იმ უბედურების, რაც საქართველოში 2012 წლამდე ხდებოდა.
ვფიქრობთ, ევროპელ პარტნიორებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ, რათა ასეთი ფაქტები არ გახდეს ევროპის წინააღმდეგ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბების საფუძველი. როცა ცდილობენ, მოდერნიზაციის სიმბოლოდ შემოგვასაღონ ადეიშვილი, ახალაია და სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქის აღქმაში ევროპის წინააღმდეგ ამაზე დამანგრეველი არაფერი შეიძლება, იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო.