მამუკა მდინარაძე - გავრილოვობა არის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარს უჭერდა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, ანტირუსული განწყობა არსებობს ჩვენს გუნდში
მამუკა მდინარაძე - გავრილოვობა არის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარს უჭერდა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, ანტირუსული განწყობა არსებობს ჩვენს გუნდში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება „მთავარი არხის“ ეთერში გია ვოლსკისთან დაკავშირებით გასულ ტიტრს – „გიორგი გავრილოვი“.

მდინარაძის განცხადებით, „გავრილოვობა არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერდა აგვისტოს ომიდან 2 თვეში რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი“.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ანტისაოკუპაციო განწყობით მოქმედებს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ვერასდროს იქნება ანტიოკუპაციური განწყობა იმ გუნდში, რომელმაც ომიდან 2 თვის თავზე მხარი დაუჭირა ხსენებულ რეზოლუციას, და გუნდში, რომლის წარმომადგენლებმაც ათობით სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებს მიყიდეს“.

„პარლამენტიდან გასული ვიყავი, არ ვაპირებდი დღეს დაბრუნებას, თუმცა „მთავარი არხის“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირ ეთერში ვნახე, რომ ბატონ გია ვოლსკის ტიტრად ეწერა – გიორგი გავრილოვი. „მთავარი არხის“ და „ნაცმოძრაობის“ ყველა წარმომადგენელს ავუხსნი, რა არის გავრილოვობა. გავრილოვობა არის, როდესაც თქვენი პარტია აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად 2 თვეში მხარს უჭერდა იმ რეზოლუციას, სადაც სიტყვა-სიტყვით ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, შემდეგ წლების განმავლობაში ალაგეთ ცრუ ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების იდეა იყო ომის დაბრალება ან ვინმე ამას აპირებდა. მათ შორის მაბრალებდით მე, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც რეალურად განწყობილი ვართ ისე, როგორც უნდა ვიყოთ – ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ანტირუსული, ანტისაოკუპაციო განწყობა არსებობს, ეს არსებობს ჩვენს გუნდში. ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, თქვენს გუნდში, რომელმაც ომიდან 2 თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს კასეტური ბომბებით ცხინვალის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ედებოდათ ბრალად, ეს განწყობა ვერასდროს იქნება.

ვერასდროს იქნება ანტიოკუპაციური განწყობა იმ გუნდში, რომელი გუნდის წარმომადგენლებმაც ათობით სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებს მიყიდეს, ვერასდროს იქნება რეალური ანტიოკუპაციური განწყობა იმ გუნდში, რომელმაც 2012 წლის ჩათვლით კასეტური ბომბის ნაწილი, რომელიც რუსებს ჰქონდათ ჩამოგდებული ცხინვალში და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ მოიძია შეგნებულად, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მოუწია ამ მტკიცებულების სხვა – 700-ზე მეტ მტკიცებულებასთან ერთად მოძიება.

ვერასდროს იქნება ანტიოკუპაციური განწყობა, თუ იქნება, იქნება ცრუ, მოგონილი, შეთხზული და სპეკულაციური იმ გუნდში, რომელი გუნდის წევრებიც მაგალითად, ზუსტად გავრილოვზე არ იღებდნენ ხმას მარტში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ასამბლეა რომ უნდა ჩატარებულიყო და მასში მონაწილეობა მიეღო სერგეი გავრილოვს, თქვენს დამხმარე და მაშველ რგოლს, იმ დღეს კომიტეტზე არც ერთმა ადამიანმა ხმა არ ამოიღო, „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლებმა საერთოდ დატოვეს კომიტეტის სხდომა.

მართლაც რამე რომ ეთქვათ, შეიძლება, აღარ ყოფლიყო ის შეცდომა, რომ ეს ადამიანი ჩამოსულიყო საქართველოში, თორემ შემდეგ, დიდი ბოდიში ყველასთან, თავმჯდომარის, თუ სხვა დეპუტატის სკამში მოთავდებოდა თქვენი დამხმარე და მაშველი რგოლი სერგეი გავრილოვი, ეს აღარავინ იცოდა, ამას ვეღარავინ დააზღვევდა. როდესაც, გაყალბებული არჩევნების მოგონილი ნარატივი „ნაცმოძრაობას“ ჩაუვარდა, რადგან მთლიანად იყო სიცრუეზე აგებული, ბოლო ოთხი დღეა, გახდა გავრილოვის ნარატივი. ვითომ ანტირუსული და რაღაც ეროვნული მოძრაობის ეგიდით იფუთება ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ეროვნული მოძრაობის სათავეში ვერ იქნება ვერც ერთი ის ქართველი, რომელიც საქმით რუსულ ოკუპაციას უჭერდა მხარს, ხოლო სიტყვით პირიქით დეკლარირებდა.