მამუკა მდინარაძე - გავრილოვი ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რომლის დანთებასაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გავრილოვი ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რომლის დანთებასაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.
მდინარაძე გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა.
„ოპოზიციის კომენტარებს ვუსმენდი, რომ „ქართული ოცნების“ მოწვევით გავრილოვი ჩამოიყვანეს. ეს განცხადება დასაწყისშივე ტყუილია, რადგან ასამბლეად გენერალური სამდივნო ჰყავს, ვინც იწვევს ქვეყნების წარმომადგენლებს. ტყუილზე დაფუძნებული ამბავი ტყუილია.
რაც შეეხება თავად გავრილოვს, ეს ადამიანი, რომელიც არის რუსეთის დუმის კომუნიზმის წარმომადგენელი, ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რომლის დანთებასაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.
მარტივი ლოგიკის მიყოლით შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნა, ვინ ანთებს ცეცხლს, ვინ უსხამს ცეცხლზე ნავთს, სად ხდება ინტერესთა თანხვედრა. შეთქმულების თეორიებს რომ თავი დავანებოთ, სად არის ინტერესთა თავსებადობა „ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის დუმის დეპუტატის ასეთი თავხედური განცხადების, ალბათ მარტივი აღსაქმელია“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.