მამუკა მდინარაძე - მტკიცებულებათა მოპოვების ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლები არიან
ვალდებულნი ვართ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ პროკურატურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როცა ისინი ამბობდნენ არგუმენტს, რომ შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიებას და მტკიცებულებების მოგროვებას კონკრეტული ადამიანების გარეთ ყოფნამ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, არ არსებობს პატიმრობის საფუძველი, შესაბამისად ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლები არიან.
„ეს არგუმენტი გასაგებია, მაგრამ კიდევ უფრო მყარი პოზიციაა, როცა ისინი ამბობენ, რომ მტკიცებულებათა მოპოვების ეტაპის ამოწურვის შემდეგ ეს არგუმენტი აღარ არსებობს და ამიტომ მათვე ჩათვალეს, რომ მათი გირაოში ყოფნა გამოძიებას და სასამართლოს ხელს ვერ შეუშლის, სადაც საქმე გადავიდა. აბსოლუტურად გასაგები არგუმენტია, რომ მტკიცებულებათა მოპოვების ეტაპი დასრულდა, პატიმრობა პროკურატურის აზრით მანამდე იყო საჭირო და ეს გამოძიებას ააცილებდა საფრთხეებს, რომ მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლა არ მომხდარიყო, დღეს ეს არგუმენტი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს პატიმრობის საფუძველი და ეს ადამიანები არიან თავისუფლები“, – განაცხადა მდინარაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.