მამუკა მდინარაძე - გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება უზრუნველყო, ის არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში გრძელვადიანი, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება უზრუნველყო, ის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედია.
მდინარაძის თქმით, ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება. აღნიშნული კომენტარით მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი ქონების ფონდ „ქართუს“ ბალანსზე განთავსებას ეხებოდა.
„გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გრძელვადიანი, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება უზრუნველყო, ის არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი და დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით, მათ შორის, ქონებასთან და აქტივთან დაკავშირებით, მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ამის გაუფასურება ბევრს უნდა, მაგრამ ფაქტი ერთია – აქ მთავარია, რა არის სიმართლე, სიმართლე არის იმაში, რომ ის არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი და ვერ დამისახელებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უფრო თამამი ვიქნებოდი, სხვა პერიოდზეც ვილაპარაკებდი, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედებას, რაც განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა. დღევანდელი გადაწყვეტილება მის აქტივებთან დაკავშირებით სწორედ ამას უკავშირდება, ამ მიმართულებით გრძელდება მისი მოქმედება. საუბარია საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.