მამუკა მდინარაძე - განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რადგან თავის გამოსვლაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემებს, დეოკუპაციასა და ქვეყნის კურსს შეეხო
მამუკა მდინარაძე - განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რადგან თავის გამოსვლაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემებს, დეოკუპაციასა და ქვეყნის კურსს შეეხო

ჩვენ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გვქონდა სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სუპერ საპრეზიდენტო ქვეყანა, პრეზიდენტის განუზომელი ძალაუფლებით და ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ მიგვეღო საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილება ექნებოდა, რომელიც უზრუნველყოფდა მის მთავარ ფუნქციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, ის არის ეროვნული ლიდერი და სახელმწიფოს მეთაური.

„ცოტა ხნის წინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ, ცოტა დისპროპორცია მივიღეთ, უფლებამოსილების კომპეტენციის სპეციალურ დათქმებსა და ლეგიტიმაციისა თუ არჩევნების წესის ხარისხს შორის. ამან ქვეყანაში გარკვეული რყევებიც კი გამოიწვია. ჩვენ ვნახეთ, ამ რყევების დროს როგორ შეიძლებოდა, მაგალითად, მესამე თაობის პოლიტიკური ემიგრანტი ადამიანისათვის ეწოდებინათ, ეკადრებინათ ისეთი რაღაცები, რაც ნამდვილად არ უნდა ეკადრებინათ მაშინდელი კანდიდატსა და ახლანდელი პრეზიდენტისთვის. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში მომუშავე ადამიანს ეს საქმე ეკეთებინა და ვიღაცებისთვის კი რუსეთუმეობა დაებრალებინა. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, იმისათვის, რომ მისმა შვილებმაც, მეოთხე თაობის პოლიტიკურმა ემიგრანტებმაც, დღეს, შეიძლება არა იდეალურად, მაგრამ ძალიან კარგად იციან ქართული ენა და ქართულ ენაზე საუბრობენ. ეს მხოლოდ პლუსია როგორც თქვენი, ქალბატონო სალომე, ასევე თქვენი შვილების. თქვენ, თქვენმა მშობლებმა, თქვენს შვილებს ქართული ენა შეუნარჩუნეთ, რასაც ჩემთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ერთდროულად არის გმირობის მაგალითებისა და ასევე პარადოქსების ქვეყანა.

„თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია. ქართველი არასდროს შეეგუება, რომ საქართველო არ იყოს ერთიანი. არასდროს შეეგუება ოკუპანტის მიერ იმ ქმედებების განხორციელებას, რომელთაც ისინი ყოველ წუთს, ყოველ დღე ახორციელებენ, საშინლად ირღვევა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ და საქართველო იქნება ერთიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს ჩვენ არამხოლოდ კონსტიტუციაში ავსახეთ, არამედ გულწრფელად ვართ მოწოდებული, რომ ეს ასე მოხდეს. საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის დასავლეთში, ევროპაში. ასევე გეთანხმებით, რომ ეს უნდა მოხდეს ჩვენი ტრადიციული ღირებულებების, ჩვენი ეროვნული იდენტობის აბსოლუტური შენარჩუნების ფონზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს დაივიწყებს თავის წარსულს, ისტორიას და არასდროს გახდება ამ ყველაფრის უპატივცემულობის წყარო. მადლობა დღევანდელი მოხსენებისთვის, სადაც თქვენ ყველა თემას შეეხეთ და განსაკუთრებული მადლობა, რადგან შეეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარს – დეოკუპაციასა და ქვეყნის კურსს, რომელი საკითხიც ამ ჩვენი დამოკიდებულებების გამო, არასოდეს გადაიხედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.