მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა პრინციპით დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა პრინციპით დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.
„ოცეული წარვადგინეთ, ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რათა იქ რაღაც განსხვავება არ ყოფილიყო. როგორ გაგვერჩია, ვთქვათ, ბათუმის წარმომადგენელი თელავის წარმომადგენლისგან. შესაბამისად, ასე დაკომპლექტდა 50-მდე. შემდეგ არის „ხალხის ძალის“ ის ხუთი დეპუტატი, რომლებიც არ არიან ოცეულში და არ არიან 30 დელეგატში. 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში, ქალბატონი ირმაც, რიმაც, ირაკლი ზარქუა და ასე შემდეგ და ეს სია არის 93-მდე. ხოლო 93-დან არის ყველა ახალი სახე, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი შემდეგი ოცეული.
120-მდეც არიან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაგრამ 120-ის შემდეგ 50 ჩვენი ახალგაზრდა, ძალიან ღირსეული ადამიანები არიან ჩაწერილი. ანუ არცერთი მონაკვეთი არ არის, სადაც გარკვეული პრინციპი არ იყოს. ერთი დეპუტატი მეორის წინ ჩაიწერა არა მისი ინდივიდუალური ნიშნით, არამედ მთელი სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე, ასევეა 93-დან. მათ გაიცნობთ ამ დღეებში. ღირსეული ადამიანები არიან, მიხარია, რომ ასეთი ხალხი მოხვდა სიაში. დარწმუნებული ვარ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან და პირველ და მეორე სხდომაზე შემოვლენ პარლამენტში. შესაბამისად, მათ წინასწარვე წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, 93 ნომრიდან საარჩევნო სიაში არიან ახალი სახეები, რომლებიც წარმატებული და ღირსეულია ადამიანები არიან.
„მაგალითად, თორნიკე ბერეკაშვილი, 94-ე ნომერი, რომელიც იყო ოდესაში გენერალური კონსული, გამოცდილი, წარმატებული დიპლომატი. ეს ადამიანი ერთ-ერთი იყო რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებმაც არ მიატოვეს უკრაინა და ნიკოლაევიდან ქართველები გამოჰყავდა; პაატა სალია, „რუსთავი ორის“ ყოფილი დირექტორი, უწარმატებულესი ადვოკატი, დიდი გამოცდილების მქონე, წარმატებული იურისტი. ასევე არიან სხვები, შემიძლია, აქვე გავაკეთო პრეზენტაცია: თორნიკე ჭეიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ძალიან წარმატებული, პროფესიონალი იურისტი, პატრიოტი ადამიანი; გიორგი გუგუჩია, სამეგრელოში მოქმედი გუბერნატორი, რომელიც დღეს გადადგება თანამდებობიდან; ასევე არის ძალიან წარმატებული „ქართული ოცნების“ მებრძოლი, ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს აჭარის შტაბს; შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებით კურირებდა შესაბამის დარგს და გახსოვთ, ფედერაციებთან მისი ურთიერთობა, რამდენად აღიარებული ადამიანია სპორტის სამყაროში, პატრიოტი ადამიანი; გიგა აბესაძე – „ქართული ხმების“ სოლისტი და კარგი იურისტი, რომელიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მუშაობს; ბუტა ჯორბენაძე, ჩაფიძის კლინიკის მეპატრონე, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა თავისი ქვეყნის გვერდით, როცა ამას საჭიროებდა ქვეყანა, მათ შორის არის ომის ვეტერანი; დავით დოლიძე, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ ერთგული ჯარისკაცი, თბილისის მერიის თანამშრომელი; თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში; ზურაბ ქადაგიძე, რომელიც „ხალხის ძალის“ კვოტით მოხვდა, არის წარმატებული, უნიჭიერესი ადამიანი, ექსპერტი; ქეთევან ხუროძე – ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორი, ადამიანი, რომელიც, სხვათა შორის, წარმოადგენს შერეულ ოჯახს, ქართულ-აფხაზურ ოჯახს, წარმატებული იურისტი; ქრისტინე კობახიძე, გუბერნატორის მოადგილე და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სრული პარტიული სია გამოაქვეყნა.