მამუკა მდინარაძე - გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია არ იყოს
გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია არ იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაციაა და რა თანხა დაიზოგება, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა განხილვის დროს დასვამს კითხვებს.
„ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტების განხილვა როდესაც დაიწყება, მთავრობის წარმომადგენლებთან კითხვები აუცილებლად გვექნება. მათი წინასწარი პოზიცია ვიცით, ისინი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე დასაზოგი ხარჯები ძნელად დათვლადია და როდესაც უკვე ჩაშლა მოხდება ამ ცვლილებების, შემდეგ ამაზე პასუხის გაცემა უფრო კონკრეტულად შეეძლებათ. თუმცა, ეს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აუცილებლად დაისმება. მოვლენების არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ გამომივიდეს, რეალურად გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია არ იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ბიუროს სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდება.