მამუკა მდინარაძე - გამჭვირვალობის შესახებ შარშან დაინიცირებულ კანონს რუსული დაარქვეს, ახლა კითხვები დაისვა და კითხვების დასმას დაარქვეს ანტიამერიკული კამპანია
შარშან დაინიცირებულ კანონს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იყო, რუსული დაარქვეს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ახლა კითხვები დაისვა და კითხვების დასმას დაარქვეს ანტიამერიკული კამპანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობოების დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „კითხვას ვსვამთ – უნდა ვიცოდეთ, თუ არა, რაში იხარჯება ამერიკელი, ევროპელი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადამხდელის ფული?“
„ნახეთ, როგორ მეორდება ისტორია. ამერიკული კანონი დაინიცირდა და დაარქვეს რუსული, კითხვები დაისვა დაფინანსების შესახებ და ამას დაარქვეს ანტიამერიკული კამპანია. გუშინ გამოდიოდა ერთ-ერთი ჩემი ოპონენტი პარლამენტში და უმრავლესობის ლიდერი ანტიამერიკულ კამპანიას აწარმოებსო. რას დაარქვეს ეს? კითხვები დავსვით. როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მართლაც ძალიან ბევრ საქმეში გვეხმარებიან – პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის, მედიცინის სფეროში, ტრენინგებს ატარებენ, აღჭურვილობას შეიძენენ ხოლმე, სოფლის მეურნეობის, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. არის ძალიან დიდი სივრცე გაუმჭვირვალე ფინანსების და, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამერიკის ნებისმიერმა მოქალაქემაც ეს ამბავი რომ გაიგოს, დააინტერესებს, რატომ არის რაღაც დიდი სეგმენტი გაუმჭვირვალე და მისი, როგორც გადამხდელის ფული სად მიდის, რაში იხარჯება? იმას კი არ ვამბობთ, რომ ცუდ რამეში იხარჯება თუ კარგ რამეში იხარჯება, უბრალოდ, კითხვას ვსვამთ – უნდა ვიცოდეთ თუ არა, რაში იხარჯება ამერიკელი, ევროპელი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადამხდელის ფული? როგორც კი ეს კითხვა დაისვა, ეს ყოფილა თურმე ანტიდასავლური, რუსული, ანტიამერიკული, ანტიევროპული კამპანია. კითხვის დასმას დაარქვეს ანტიდასავლური, ანტიამერიკული კამპანია. შესაბამისად, ეს კითხვა კიდევ უფრო უნდა გააქტუალურდეს. პარადოქსი კიდევ, იცით, რაში მდგომარეობს?! ჩვენი ოპონენტები ამ თემას თავადაც ააქტუალურებენ. ბოლო კვირის განმავლობაში, თუ ხედავთ, თავად უსვამენ ხაზს, თავად წევენ ფინანსების თემას და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგ საქმეში იხარჯება. შესაბამისად, უკაცრავად და რაღაცის გამართლების, ჟარგონულად „გაპრავების“ მცდელობა მიდის. აქედან გამომდინარე, ჩვენ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ. პირობითი დათქმასავით იყო – ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ ვუბრუნდებით და მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება. ხომ იყო ასეთი ლაპარაკი, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?! კიდევ უფრო გაუუმჭვირვალე გახდა ფინანსები. კიდევ უფრო არ ვიცით, სად მიდის ეს თანხები“, – განაცხადა მდინარაძემ.