მამუკა მდინარაძე - გახარიას პარტიაში ამბობენ, „ნაცებთან“ კი არა, „ლელოსთანაც“ არ გავერთიანდებითო, ამ დროს უკვე გაერთიანებული არიან, გაბრაზებული ცოლ-ქმარი რომ ამბობდეს, არასდროს დავქორწინდებითო, ასე არიან
გახარიას პარტიაში ამბობენ, „ნაცებთან“ კი არა, „ლელოსთანაც“ არ გავერთიანდებითო, ამ დროს უკვე გაერთიანებული არიან. სადაც საშუალება ჰქონდათ, ყველა საკრებულოში არიან კოალიციაში, – ამის სესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მათ ერთი აწმყო და მომავალი აქვთ.
„როლები აქვთ ასეთი, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერმა ერთმანეთში უნდა იჩხუბოს, რომ ვიღაცები ვის რაში სჭირდება. ოღონდ მათ არავინ ეკითხება, შეასრულებენ თუ არა ამ როლს, რეჟისორები ავალებენ და ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა იყოთ ამ როლში – ახლა უნდა იჩხუბოთ და ისინიც ჩხუბობენ. ორი დღის წინ ვნახე გახარიების სასწაული ვიდეო, სხედან და, მგონი, ჩვენს რომელიღაც განცხადებაზე იცინიან. რამდენი დუბლი უნდა გადაეღოთ, რომ მათი სიცილი გულწრფელს დამსგავსებოდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან, როლის შესრულებაში როგორ ღრმად არიან შეჭრილი. ახლა პოდკასტები უნდა წერონ იმისთვის, რომ ერთმანეთს გაემიჯნონ. ამ დროს „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებს ერთმანეთთან კოალიციები აქვთ შექმნილი საკრებულოებში.
ჟურნალისტები როდის სვამენ შეკითხვას, განსაკუთრებით, მათი ტელევიზიების წარმომადგენლები, არიან თუ არა კოალიციაში ნამდვილად? როდესაც ამის შესახებ ეთერში ერთმანეთს ამხელენ. ვიდრე ერთმანეთს არ ეტყვიან, მანამდე თითქოს არ ვიცოდით, ვერავინ ხვდება, რომ ისინი არიან კოალიციაში.
სადაც საშუალება ჰქონდათ, ყველა საკრებულოში არიან კოალიციაში. გახარიას პარტიაში ამბობენ, „ნაცებთან“ კი არა, „ლელოსთანაც“ არ გავერთიანდებითო, ამ დროს გაერთიანებული არიან უკვე და ეს ფაქტია. საკრებულოებში არიან ერთად და ამბობენ, არ გავერთიანდებითო – უკვე ერთად ხართ, რაღას გაერთიანედებით? ერთი მომავალი აქვთ, ერთი აწმყო და ამბობენ, არ გავერთიანდებითო. ანუ, ქმარმა რომ ცოლზე თქვას, ან ცოლმა ქმარზე, ამას არასდროს გავყვები ცოლად ან არ მოვიყვანო და ამ დროს ცოლ-ქმარი იყოს, ან გაბრაზებული ცოლ-ქმარი რომ ჰყვებოდეს, ჩვენ არასდროს დავქორწინდებითო, ასე არიან გახარიები, „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ ერთმანეთში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.