მამუკა მდინარაძე - გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ, დაშინების არც ერთი ფაქტი არ არსებობს
მას შემდეგ, რაც კახა კალაძის წინააღმდეგ გახარიამ კანდიდატურა დააყენა, გახარიას გუნდს მათი პარტიის წევრები განსაკუთრებით ტოვებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ კანდიდატებზე ზეწოლა გრძელდება.
მდინარაძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები გუნდის წევრებს პირისპირ შეხვედრების დროს ატყუებდნენ, თითქოს „ქართული ოცნების“ პროექტს წარმოადგენდნენ, კალაძის წინააღმდეგ გახარიას მიერ კანდიდატურის დაყენება კი წყალგამყოფი აღმოჩნდა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, დაშინების არც ერთი ფაქტი არ არსებობს და გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ.
„მას შემდეგ, რაც კახა კალაძის წინააღმდეგ გახარიამ კანდიდატურა დააყენა, გახარიას გუნდს მათი პარტიის წევრები განსაკუთრებით ტოვებენ. ასეთი ნიშნები მანამდეც იყო, მაგრამ დღეს ტოვებენ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მოტყუებული დარჩნენ.
მათ ერთი ერთში, პირისპირ შეხვედრების დროს ატყუებდნენ, რომ ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პროექტი, ერთნი ვართ და რა მნიშვნელობა აქვს, „ქართულ ოცნებას“ დაუჭერ მხარს, თუ გახარიასო. როდესაც კალაძის წინააღმდეგ გახარიამ კანდიდატურა დააყენა, ეს წყალგამყოფი იყო, ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია და ტყუილი. სიმართლე ერთია, გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ. ერთადერთი ვერსიაა, რომ მათ თქვან, ვიღაცამ დააშინათ. არადა დაშინების არც ერთი ფაქტი არ არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.