მამუკა მდინარაძე - გადავწყვიტეთ, ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება
მამუკა მდინარაძე - გადავწყვიტეთ, ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება

გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და გარკვეული ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ იქნება საკითხები, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმდებიან.

„ყველა შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ის, რომ არასდროს შეგვიქმნია დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა წარსულში სასამართლო რეფორმებთან მიმართებით. ეს არავის შეუფასებია, თუნდაც სუბიექტურად და შემდეგ ეს შეფასებები არავის შეუჯერებია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და გარკვეული ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება. რა თქმა უნდა, ჩვენს ვერსიას გავაკეთებთ. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან და სასამართლოში გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებით. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, დავაინიცირებთ ცვლილებებს და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.