მამუკა მდინარაძე - გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის შეტევა საქართველოზე
მამუკა მდინარაძე - გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის შეტევა საქართველოზე

როცა ერთი თვის წინ ცალსახა პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და ერთი თვის თავზე, ათზე მეტი ევროპელი კოლეგა გამოდის და შებრუნებულ, კატასტროფულ ვითარებას ხატავს, ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აპრილის ბოლოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის შემადგენლობაში არის 46 ქვეყნის წარმომადგენელი, რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

„დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოში მედია გარემო არის კარგი, გამოხატვის თავისუფლება არის კარგად დაცული და ასამბლეა მიესალმება მიღწეულ პროგრესს მედია გარემოს გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებით, მედია ბაზარზე ბარიერების შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მრავალფეროვანი მედია გარემოსთვის“.

„როცა ერთი თვის წინ ასეთი ცალსახა პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და როცა ერთი თვის თავზე ათზე მეტი ჩვენი ევროპელი კოლეგა სამწუხაროდ, გამოდის და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ ვითარებას ხატავს და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე.

შეუძლებელია, ერთი ადამიანის დაკავება ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე და მხოლოდ საუბრობენ იმ ფეიკებზე, თითქოს, ნიკა გვარამია ავტომანქანის გამო არის დაკავებული და ა.შ. სინამდვილეში ინტერესი გაჩნდა, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის.

რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით? – ეს ყველამ იცოდა საქართველოში, „ნაცმოძრაობამ“ და მათმა ლობისტებმა თუ დავალებების მიმცემებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელთაც ჩვენზე კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს და ამ კონტექსტში შემაფერხებელი, დაბრკოლების შემქმნელია. ეს არის მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჰქვია.

საქართველოს გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ გეგმაზე, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელი გეგმაც საბოლოოდ მიდის მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს არის მათი გენერალური ინტერესი და სამწუხაროდ, ამ ინტერესის განხორციელებაში ჩართულია ათზე მეტი ჩვენი ევროპელი კოლეგა. ვისაც სჭირდება და შეუძლია სხვა დაარწმუნოს, რომ ახლა საერთო ინტერესია ომი და მეორე ფრონტი საქართველოდან, ეს ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ცდილობენ, ეს გენერალური ხაზი მოქმედებაში მოვიდეს, თუმცა ყველას ვარწმუნებ, რომ ხელისუფლებას რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ დავუშვებთ ომს, დესტაბილიზაციას, განვითარების შეჩერებას და იმ პოლიტიკას გავაგრძელებთ, რასაც ახლა ვახორციელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.