მამუკა მდინარაძე - ფულს მოჰყვება ინტერესი, ეს ინტერესი როდესაც კარგია, მისასალმებელია, როდესაც ცუდია, პრევენცია უნდა მოახდინოს თითოეულმა სახელმწიფომ, ამ მიზნით ვმოქმედებთ ჩვენც
სხვადასხვა სახელმწიფოში დარეგისტრირებულ ყველა ორგანიზაციას საკუთარი ინტერესი გააჩნია. ძალიან კარგია და ბედნიერები ვართ მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოებს, არამხოლოდ დასავლეთის, აზიის სახელმწიფოებს პოზიტიური ინტერესი აქვთ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პოზიტიური ინტერესი უმრავლეს შემთხვევაში ენჯეოსექტორის დაფინანსებაში გამოიხატება ხოლმე, როდესაც გრანტის მიზნობრიობა ძალიან კარგი და პოზიტიურია.
„ენჯეოსექტორის წარმომადგენლები როდესაც გვიყვებიან, რომ, მაგალითად, შშმ პირებს დავეხმარეთო, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გარკვეული აქტივობები გაკეთდა, არ მოვყვები, უამრავი კარგი საქმე კეთდება, ამავე დროს, ჩვენ კონკრეტული მაგალითები გვაქვს ცუდი ინტერესების და გადახვევის ამ კარგი ინტერესებისა, რაც არ მომდინარეობს, მაგალითად, მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნიდან. მათ შორის ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებშიც არიან დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ცუდ ინტერესებსაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად აფინანსებენ ხოლმე.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ შენი მეგობარია და როგორ კადრებ, რომ იმ ქვეყანაში დარეგისტრირებული ორგანიზაციაც კი არ იკადრებს შენს ქვეყანაში რაიმე ცუდის დაფინანსებას, მხოლოდ კარგს აფინანსებს, ეს არის, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად გულწრფელი, მაგრამ, ამავე დროს, მიამიტური ლოგიკა. თუ რიგ შემთხვევაში, ეს არ არის ბოროტი ლოგიკა ადამიანების შეცდომაში შესაყვანად“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, ფულს მოჰყვება ინტერესი და ეს ინტერესი როდესაც კარგია, მისასალმებელია, ხოლო როდესაც ცუდია, ამის პრევენცია უნდა მოახდინოს თითოეულმა სახელმწიფომ.
„ამ მიზნით ვმოქმედებთ ჩვენც. საქართველოს უფლება აქვს, იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს ევროკავშირი, როგორც მოქმედებს საფრანგეთი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ინტერესები არის კარგი, ცუდი და ასე შემდეგ. ფაქტის კონსტანტაცია არის ის, რასაც ემსახურება დასათაურება როგორც კანონის, აგრეთვე რეესტრის დასახელება. არანაირი მარკირება, რაზეც, მაგალითად, პროცესები წააგეს რიგმა ქვეყნებმა, რუსეთმა, უნგრეთმა და ა.შ. არანაირი მარკირება ჩვენი კანონით გათვალისწინებული არ არის.
ფაქტი არის ის, რომ როდესაც არის უცხოური ფული, როგორი მეგობრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მასზე არის შესაბამისი ინტერესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.