მამუკა მდინარაძე - ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული, დამშვიდდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით ვეპატიჟებით და ველოდებით მხურვალე ოპონირებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში მიმდინარე „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ, განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სხედან „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრები სხდომათა დარბაზის ორივეს მხარეს.
მდინარაძის თქმით, ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული, ოპოზიციას კი პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„როგორც ახლა მეუბნებიან, საზოგადოების ნაწილში გამოიწვის გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულნი. საზოგადოებას, მედიას იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და ბუნებრივია, ადგილები ასე პერსონალურად არ არის განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.