მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზების განხილვა შესაძლებელია, გარდა არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის წინადადებისა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზების განხილვა შესაძლებელია, არჩევნებში მოქალაქეთა სავალდებულო მონაწილეობის თაობაზე წარდგენილი წინადადების გარდა.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ლევან კობერიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინიციატივაში კომპრომისის გარკვეული ნიშნები არის.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ვერსიის განხილვა შესაძლებელია. არ დავეთანხმებოდი არჩევნების სავალდებულობას, რადგან რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს და პრაქტიკულად არ მუშაობს, რადგან სახელმწიფო ვერ აიძულებს ამომრჩეველს, არჩევნებზე მოვიდეს, თორემ, რაღაც სანქციებს მიიღებს. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების დაწესება სწორად არ მიმაჩნია. დანარჩენზე, კონკრეტულ დეტალებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ოპოზიციისგან თუნდაც დაბალხარისხიანი კომპრომისი არ მოგვისმენია. ეს არის პირველი, რაც მოვისმინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დღეს სამი პირობა დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში, 100/50-ზე საარჩევნო მოდელს მხარს დაუჭერს. ლევან კობერიძემ ერთ-ერთ პირობად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულოდ გამოცხადება დაასახელა.