მამუკა მდინარაძე - „ფარა“ აშშ-ში დღესაც დიდი წარმატებით მოქმედებს, მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიღებული, მაშინ კანონს გააუქმებდნენ
არგუმენტებად მოჰყავთ, „ფარა“ 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო. ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს დიდი წარმატებით, დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე აღმოფხვრილი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
მდინარაძის თქმით, „ფარა“ ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან „ფარას“ კანონის პირდაპირ თარგმანსაც რუსული კანონი დაარქვეს.
„ბატონმა ვაშაძემ, რომელიც გაძევებულია, დაიწყო საუბარი უნგრეთის მაგალითებზე და თქვა, რატომ ცრუობთო. თვითონ იცრუა, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ისეთი პრეცედენტი, სადაც კანონში პირდაპირ მითითებულია მტრული, მოყვრული, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი სახელმწიფოები. ასეთი, უბრალოდ, არ არსებობს და ვინც ამას იტყვის, ყველა იტყუება. ვგულისხმობ ცივილიზებულ სამყაროს, ბატონი რომანი მიუთითებდა რაღაც ქვეყნებს, მათ კანონმდებლობას არც ვიცნობ.
საფრანგეთის შემთხვევაში, დაზვერვის ანგარიშში ეწერა, მათ შორის, რუსეთიც, ჩინეთიც, აშშ-იც. მათთან დაკავშირებითაც ეწერა, რომ ეკონომიკურ საკითხებში ერევა, ძირს უთხრის საფრანგეთის ეკონომიკას, ასეთი საკითხები. ე.ი. თქვენი ლოგიკით, საფრანგეთს, კანონი რომ მიიღო ახლა ქვედა პალატამ, თურმე მტრულ სახელმწიფოებად დაუსახელებია რუსეთი, ჩინეთი და მათთან ერთად აშშ. არ მინდა, ხისტად ვისაუბრო, მაგრამ არ უნდა იკადროთ ასეთი ტყუილი, როცა საუბრობთ მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთზე და ამ შემთხვევაში, არა ამერიკაზე, რომელიც ახსენეს ფრანგებმა. სინამდვილეში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მტრულ სახელმწიფოებზე საუბრობენ, ნიშნავს, რომ მეგობარი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებზეც ლაპარაკობდნენ. არგუმენტებად რომ ამბობთ ხოლმე, „ფარა“ 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო, ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით. ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი რომ გააკეთა „ხალხის ძალამ“, იმასაც რუსული კანონი დაუძახეთ, გასაგებია ეს ყველაფერი. დღესაც მოქმედებს. ე.ი. მისი მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება და დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ მხოლოდ ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მისი მიზნობრიობა, მაშინ კანონს გააუქმებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.