მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის საერთო რეიტინგი 35-40 პროცენტი იქნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დარღვეულია ის ერთობა, რომელიც ოპოზიციამ მედიასაშუალებების მეშვეობით, საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მწვავე დაპირისპირებაა.
„არ ვიცი, ვინ რა ამოღერღა ოპოზიციიდან და ერთმანეთს ასე რატომ მიმართავენ ბოლო პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთობა, რომელიც მათ წარმოაჩინეს საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებების მეშვეობით, დარღვეულია. ისინი არა თუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების საერთო რეიტინგი მხოლოდ 35-40 პროცენტი იქნება.
„საბოლოო ჯამში, მთელი ეს ერთობა მაქსიმუმ 35, კიდევ უფრო მაქსიმუმ 40- პროცენტიან ნიშაში ზის, რაც მათ უნდა გაინაწილონ. ერთ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“ ექნება 3 პროცენტი და 12 „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ 5 „ევროპულ საქართველოს“ და 10 „ნაცმოძრაობას“, ისინი საერთო რეიტინგს იყოფენ და ჩემი წარმოდგენით, რეალური კვლევების გათვალისწინებითაც, მათი საერთო რეიტინგი იქნება 35-40 პროცენტი, დანარჩენი იქნება მმართველი სახელისუფლებო გუნდის შედეგი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ“,- განაცხადაა მდინარაძემ.