მამუკა მდინარაძე - ფაქტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა, რომელიც იყო კონრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისათვის
ჩვენ შეგვიძლია დღესაც, ციფრებით და ფაქტებით დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა, რაც იყო კონრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისათვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების 30 პროცენტი მივიდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა.
„მე ვურჩევდი IRI-ის ხელმძღვანელებს, მათ შორის, მქონია ურთიერთობა ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან, რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები და არანაირ კვლევასთან ამას საერთო არ აქვს. ამის დასტურად, მე შემიძლია, მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან. როდესაც ისინი წერენ, რომ 19 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვთქვათ, თავის მართლება რომ მოუწიოთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის ალოკაციის გარეშე, პირდაპირი გამოკითხვის შედეგები. ჩვენ მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების, სიით ამომრჩევლის 30 პროცენტი მივიდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყო, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი. აი ამ, ასე დავარქვათ უმოტივაციო არჩევნებს, სადაც არ იყო კონკურენტი და მოტივაციის შექმნა იყო ძალიან რთული, რატომ უნდა მისულიყო მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან, როდესაც 20 მხარდამჭერიც რომ მისულიყო თითოეულ უბანში, მაინც გამარჯვებული იყო ჩვენი კანდიდატი. აი, ამ ვითარებაში, 30 პროცენტამდე ამომრჩეველი მივიდა. ამიტომ გაყალბება სახეზეა, ხელისგულზეა IRI-ს მხრიდან და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.