მამუკა მდინარაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომიდან ორ თვეში დაუჭირეს მხარი, დღეს ისინი რუსულ ნარატივზე საუბრობენ
დღეს შეიძლება ამაზე საუბრის დრო არ იყოს, მაგრამ ოკუპაციის შიდა თანაავტორების ახალ „მესიჯბოქსს“ პასუხი ჭირდება. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი გმირების საფლავების პატივის მიგება 7 აგვისტოს დაიწყეს და ამბობენ, ამისი 8 აგვისტოს გაკეთება რუსული ნარატივიაო, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის განცხადებებს აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება.
„12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც ჩვენი უდანაშაულო თანამემამულეები და გმირი ჯარისკაცები შეიწირა. ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება! ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში იცხოვრებენ! დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით ვაწარმოებთ, ამ შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს! საქართველო არასდროს დანებდება, ოკუპაციას არ შეეგუება! და ბოლოს, დღეს შეიძლება ამაზე საუბრის დრო არ იყოს, მაგრამ ოკუპაციის შიდა თანაავტორების ახალ „მესიჯბოქსს“ პასუხი ჭირდება.
ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი გმირების საფლავების პატივის მიგება 7 აგვისტოს დაიწყეს და ამბობენ, ამისი 8 აგვისტოს გაკეთება რუსული ნარატივიაო. არავითარი არგუმენტი საპასუხოდ, პირველ რიგში მხოლოდ ფაქტი – ისევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც მათ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირეს: რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო; მე-5 პუნქტში ეს საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს; მე-6 პუნქტში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად მოიხსენიეს… ამ რეზოლუციას მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ!.. რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე – გამორიცხულია!“, – წერს მდინარაძე.