მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ პლენარული სესია დატოვეს, რადგან ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში მოყვანილ არგუმენტებზე პასუხი არ აქვთ.
„ჩემს კითხვაზე, რა პოზიციას დააფიქსირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პასუხი არის ის, რაც დარბაზში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე.
ისინი გაიქცნენ დარბაზიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან დადგენილებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საპირისპირო არგუმენტები არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პარტიის წევრებმა პლენარული სესია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.