მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველოს“ განცხადებას აკვდება გამოთქმა, კუმ ფეხი გამოყოო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ის დრო არ არის, როცა კორონავირუსის გამო შეიძლება, ეკონომიკა ჩამოიშალოს.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„რომ იტყვიან, „ევროპული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას აკვდება – კუმ ფეხი გამოყოო. სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას. საქართველო კორონას გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას საზოგადოება ხედავს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება. ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება. ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე გარკვეული დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად ვუპასუხოთ. საქართველოში ის დრო არ არის, როცა ამის გამო შეიძლება, ეკონომიკა ჩამოიშალოს. ამ გამოწვევას თავს როგორც ევროპული ქვეყნები გაართმევენ, ასევე გავართმევთ ჩვენც“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, გეგმა გადასახადების შემცირებასა და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.