მამუკა მდინარაძე - ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჩვენთვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტიაა
ჩვენი უმთავრესი იდეა ევროკავშირის წევრობაა. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჩვენთვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტიაა. ამ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც პირიქით ლაპარაკობენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამ გზაზე არის შესაბამისი ბენეფიტები, სოციალური, უსაფრთხოების შესაბამისი პირობები.
მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებული იქნება.
„შევეცდებით, ჩვენი კამპანია იყოს პოზიტიური, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც არის საზოგადოების და ხალხის გამოწვევა, პრობლემებზე, რისი აღმოფხვრა შეგვიძლია და რა ვადაში. მთავარია ერთი რამ, ჩვენი უმთავრესი იდეა არის ევროკავშირის წევრობა. ამ გზაზე არის შესაბამისი ბენეფიტები, სოციალური, უსაფრთხოების შესაბამისი პირობები. ევროპა და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჩვენთვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტიაა. არსებობენ ამ ქვეყანაში ძალები, რომლებიც პირიქით ლაპარაკობენ და ეს ყველა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს. ქვეყნის უმრავლესობამ ეს იცის, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მთავარი გარანტია არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე დღეს გვაქვს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს მთავარი კომპონენტებია, რომლისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს, რაც კი შეიძლება მოსახლეობას აწუხებდეს. ადეკვატურებიც უნდა ვიყოთ. თვითკმაყოფილები არავინ ვართ, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ რა გაკეთდა, რისი გაკეთება შეიძლება და რა ძალა და ნება გააჩნია საამისოდ ხელისუფლებას. ამის მთავარი ინდიკატორი არჩევნებია. ჩვენი კამპანია იქნება მაქსიმალურად პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.