მამუკა მდინარაძე - ევროპულ დერეფნებში რადიკალების სირბილი პირველი არ არის, თუ კიდევ დაიჩაგრება ეს ქვეყანა, რისი შედეგი იქნება, ძალიან კარგად ვიცით
მამუკა მდინარაძე - ევროპულ დერეფნებში რადიკალების სირბილი პირველი არ არის, თუ კიდევ დაიჩაგრება ეს ქვეყანა, რისი შედეგი იქნება, ძალიან კარგად ვიცით

გარკვეული ადამიანები ევროპაში მავნებლურ კამპანიას აწარმოებენ, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ მიზნით კარდაკარ დადიან. მათ ბანი მისცა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპის მომავალს აბამენ იმას, ვინც იქნება ხელისუფლებაში“.

„მათ კანდიდატის სტატუსი არ უნდათ, თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება და ამ ქვეყნის წარმატება არ უნდათ. ეს არის მათი მიზნების გამჟღავნება, რატომ მავნებლობენ ამ ქვეყანასთან მიმართებაში. ევროპულ დერეფნებში რადიკალების სირბილი პირველი არ არის, ეს უკვე ვნახეთ ასოცირების დროს, უვიზო მიმოსვლის დროს და როცა კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვეღო. ერთხელ სტატუსი ვერ მივიღეთ და თუ ქვეყანას მსგავსი პრობლემა კიდევ ექნება, ეს რისი შედეგი იქნება, თითოეული თქვენგანი მიხვდება. გარანტირებული არაფერია, არც სტატუსი და არც უსტატუსობა, მაგრამ თუ კიდევ დაიჩაგრება ეს ქვეყანა და მას ვინმე უსამართლოდ მოექცევა, ეს რისი შედეგი იქნება, უკვე ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა მდინარაძემ.