მამუკა მდინარაძე - „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა არის მტკიცებულება, რომ საქართველოში იყო საუკუნის თაღლითობა, ჩვენთან რაც რუსულად მონათლეს, ის ამერიკულია ევროპაში, ისრაელში, კანადაში
ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, „სახალხო პარტიის“ ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება, რომ საქართველოში რამდენიმე დღის წინ ადგილი ჰქონდა საუკუნის აფერას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების წერილს, სადაც ისინი აღნიშნავენ: „სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება. მეტიც, შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი“.
მდინარაძის თქმით, საქართველოში რაც რუსულად მონათლეს, ის ამერიკულია ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და ა.შ.
„უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ., როგორ მოხდა ისე, რომ ერთი და იგივე კანონი ყველგან არის ამერიკული, მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად. ანუ, ეს იყო საუკუნის თაღლითობა, რომელშიც, სამწუხაროდ, გაება საქართველოს არაერთი გულწრფელი მოქალაქე და შეიძლება, ბევრი მათგანი გულწრფელადაც აპროტესტებდა ამ ყველაფერს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თავისი აქტივისტებიდან გამომდინარე აპირებდნენ, მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ქაოსში ჩართვაში. ამ საუკუნის აფიორამ, თავის მხრივ, შვა ფაშიზმის და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია. არ მახსენდება ასეთი ტერმინი, რად იწოდება ბოლშევიზმი და ფაშიზმი ორივე ერთად, რომელიც გამოვლინდა დღეს, მათ შორის სხდომათა დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ პასუხი გასცა თუ არა, თითის ქნევა დაიწყეს, როგორ გაბედა ეს თავმჯდომარემ. წიგნების დაწვა ბოლოს როდის გახსენდებათ, შეგიძლიათ, მითხრათ? ბერლინის ცენტრში გებელსის მიერ წიგნების დაწვა მახსენდება ბოლოს და ახლა მახსენდება „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მიერ წიგნების დაწვა. წარმოიდგინეთ, რამხელა პარალელია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.