მამუკა მდინარაძე - ევროპელობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის, კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ევროპული და ეროვნული საქმე, ეს არის მთავარი
კონსტიტუციის თავზე გადახევა ასე უბრალოდ გავატაროთ და ფორმალური რეაგირებაც კი არ მოვაყოლოთ? – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, „ბორელის თქმით, იმპიჩმენტი ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელია და ისევ განაგრძობს თუ არა პროცესს მმართველი გუნდი“.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები აზიანებს ევროინტეგრაციას, რაც ნებართვის არმიცემის საფუძველი იყო.
„თქვენ რასაც აკეთებთ ახლა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობა. რატომ? მერე რა, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ჩავიდა რაღაც კარგი საქმისთვის. ჯერ ერთი, კარგი საქმისთვის ჩავიდა თუ არა, ესეც სადავოა. სადავო კი არა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, მაგრამ სადავოც რომ იყოს, კონსტიტუცია დაარღვია და მერე რა, რომ დაარღვია, კარგი საქმისთვის არის წასული. ამას აქვს ორი მდგენელი. ერთი – პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით აცხადებს, რომ არც შარშან ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და არც წელს ვიმსახურებთ, რადგან თითქოს ფორმალურად ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას. ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არაობიექტური, უკიდურესად სუბიექტური განცხადება, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.
ამიტომ, ვინაიდან მისი განცხადებები აზიანებს ევროინტეგრაციას, ეს იყო ნებართვის არმიცემის საფუძველი. ნებართვის გარეშე წარმომადგენლობის მცდელობაც კი, სხვა ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობებში, არის კონსტიტუციის უდავო, უხეში, დემონსტრაციული და მათ შორის უპრეცედენტო დარღვევა.
ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მერე რა, დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ეს არის დემონსტრაციულად საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობა. ყველას მოვუწოდებ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ევროპელობა, ევროპულობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის. კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება, შეიფუთოს. უნდა ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ევროპული და ეროვნული საქმე, ეს არის მთავარი“, – აღნიშნა მდინარაძემ.