მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ, რომ გაზაფხულზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე რეზოლუცია იყოს მიღებული
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ მოიხსნას.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ქართული მხარის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს.
“ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაზაფხულზე რეზოლუცია იყოს მიღებული. ბრიუსელიდან დელეგაცია დღეს დაბრუნდა და მოლოდინები აქაც პოზიტიურია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მსგავსი ფაქტების პრევენცია და რეაგირება მოხდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელსაც სესიაზე მომავალ კვირას დაამტკიცებენ.