მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტარების დოკუმენტში ვერ აისახებოდა კონკრეტული სახელი და გვარი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერპრეტაციაა
ევროპარლამენტარების დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ვერ აისახებოდა ვერც პოლიტპატიმარი და ვერც კონკრეტული სახელი და გვარი, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერპრეტაციაა და ეს სიტყვა „ნაგულისხმევი“ მათ შემოიტანეს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რეალურად არის მოცემულობა, რაც 8 მარტის შეთანხმებაში წერია.
„შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი, საკუთრივ შეთანხმება, სადაც 120/30-ზე იყო საუბარი და, მეორე მხრივ, გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, სადაც მართლმსაჯულების ჩაურევლობაზეა საუბარი, რომლის მონათვლაც სცადეს სხვანაირად, 180 გრადუსით შეტრიალებულად და ეს მათი თავხედური სვლა არ გავიდა, რადგან სხვა რამ ეწერა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.