მამუკა მდინარაძე - ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა, მათი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა
მამუკა მდინარაძე - ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა, მათი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა

ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და საქართველოს ევროპული მომავლის მტერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას, მდინარაძის თქმით, პერსონალიზებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა.

„წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. ვინც ამას ამბობს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და მისი მიზნები დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან, ის არის საქართველოს ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის მტერი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პუნქტს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით, არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ. მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე რეკომენდაცია პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე შესრულდა, მან მიიჩნია, რომ სისტემური მიდგომით, პერსონალიზაციის გარეშე შესაძლებელია ამის აღმოფხვრა და ასეთი მოწოდებაც კი გაისმა. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვუჯერებთ ევროკომისიას, რომელიც პერსონალიზაციის მიდგომას გულისხმობს თავის რეკომენდაციაში, მას ხომ არ დაუწერია, რომ კანონი უნდა მივიღოთ, ამ ნორმით ეს უნდა გავაკეთოთ, დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა ქვეყანას, ეს რეკომენდაცია გასცა. ვენეციის კომისიის აზრით, კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა. თუ ვენეციის კომისიის ამ პათოსს გავიზიარებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა შევეხოთ პერსონალიზირებულ საკითხს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავწერთ ამ დათქმას, რომ ჩვენ მომავალი წლის პირველ მარტამდე არ ავამოქმედებთ კანონს. ავამოქმედებთ მომავალი წლის პირველი მარტიდან. თუ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგოდ ევროკომისია იტყვის, რომ არა, პერსონალიზება არ გჭირდებათ, მაშინ ამ კანონს არ ავამოქმედებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.