მამუკა მდინარაძე - ევროკავშირისადმი წერილით ყველამ ერთობლივად მოაწერა ხელი საქართველოს და ქართული საზოგადოების დასჯას, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს
ოპოზიციაში აგონიაში არიან და აგონია იძლევა ხოლმე ასეთ შედეგებს, რადგან ისინი არიან აგონიაში ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ, მათ გამოამჟღავნეს ბოლომდე საკუთარი თავი და, მგონი, ძალიან ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ, ისინი არიან ჯაშუშები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები.
„ისინი ითხოვენ ევროპელებისგან, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა რაიმე გზით, ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას, რადგან ობიექტური მოცემულობა არ არსებობს. ისინი ხალხის დასჯას ითხოვენ, იმხელა აგრესია აქვთ ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე. მეტად დადასტურებული, რომ ისინი ჯაშუშები არიან, აქამდე არ ყოფილა. უკვე ყველამ ერთობლივად მოაწერა ხელი საქართველოს და ქართული საზოგადოების დასჯას, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
კოალიციამ „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს.