მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები როცა გაორმაგებულია და ამ დროს საქართველოს „შავ ხვრელს“ ეძახიან, ეს არის უსამართლობა
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის მეორე დღეს მოიცალეს საქართველოს დაზიანებისთვის, რაც არის ყველაზე სამწუხარო. ომის მეორე დღიდან ცდილობენ, რომ საქართველო და მისი ევროპული გზა დააზიანონ, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შეამცირონ და დააზიანონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებულ იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.
„რომელ რუსულ აქტივებზე საუბრობს? რაღაცას მოიგონებენ ხოლმე და შემდეგ თავად ბრაზდებიან. საქართველის საიდან არ შემოუარეს – ხან „შავი ხვრელი“ ეძახეს, ხან რა შეურაცხყოფა არ მიაყენეს და ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღქმებზე საუბრობენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აბრალებენ რაღაცებს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის მეორე დღეს მოიცალეს საქართველოს დაზიანებისთვის, რაც არის ყველაზე სამწუხარო. ომის მეორე დღიდან ცდილობენ, რომ საქართველო და მისი ევროპული გზა დააზიანონ, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შეამცირონ და დააზიანონ. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ყველსა და რძეზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ მოხალისეების თვითმფრინავით გაგზავნა მოითხოვეს, როგორი დიდი პროვოკაცია იყო. სანქციებს ვითომ არ ითხოვდნენ და ახლა ითხოვენ. მათი მიზანია, საქართველოს ევროპული მომავალი და მისი მშვიდობა დააზიანონ, რასაც არ დავაზიანებინებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები როცა გაორმაგებულია და ამ დროს საქართველოს „შავ ხვრელს“ ეძახიან, ეს არის უსამართლობა.
„ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიონისას რომ ვაჭრობს, ეს ხომ ყველამ კარგად იცის? არის ქვეყანა, სადაც ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია თუ გაოთხმაგებულია. როცა ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებია გაორმაგებული და ამ დროს საქართველოს „შავ ხვრელს“ ეძახიან, ეს არის უსამართლობა და ამაზე ვსაუბრობთ. საქართველოში რუსი ტურისტი საშინელებაა, სხვა ქვეყნების სანაპიროებზე რომ ვუყურებთ ოლიგარქებსა და მათ შვილებს წამოწოლილს, ეს არაფერია. საგულდაგულოდ მალავენ, რომ ასიათასებს ხარჯავენ ევროპაში და ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, ჩვენთან ვიღაც 300-500 დოლარს რომ დახარჯავს, ამაზე ელეთმელეთი ემართებათ და თურმე საშინელება ყოფილა, რაც ასე არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.