მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის ელჩმა ზეპროფესიულ დონეზე ახსნა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი, ისიც თქვა, რომ ბარიერის საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია
მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის ელჩმა ზეპროფესიულ დონეზე ახსნა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი, ისიც თქვა, რომ ბარიერის საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია

ევროკავშირის ელჩმა ზეპროფესიულ დონეზე ახსნა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი და ამ ბალანსის საჭიროება ყველა ქვეყანაში, ისიც თქვა, რომ ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი, გამოთქვა იმედი, რომ გონივრულ შედეგებამდე მივა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას ბარიერი მაღალი აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს, ვიმედოვნებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე იქნება წარდგენილი“.

„5%-იანი ბარიერი დარჩება თუ არ დარჩება, ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი, ესეც ითქვა ხაზგასმით. ზოგიერთი ტელევიზია აცხადებს და აჰყვა ამას ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი რადიკალური ოპოზიციიდან, რომ მან მოითხოვა ბარიერის დაწევა და ისიც კი გაიგეს, რომ როდესაც ჰერჩინსკიმ თქვა, ზედმეტი მრავალფეროვნება გარკვეულ შემთხვევაში არის ცუდი ამ ბალანსში, ეს თქვეს, რომ მოითხოვა ზედმეტი მრავალფეროვნება. არ უნდა მოვატყუოთ ასე საზოგადოება. ერთს ამბობს ადამიანი და მეორეს პირდაპირი იტყუებიან, ინტერპრეტირებასაც არ უკეთებენ, პირდაპირ იტყუებიან, რომ რაც არ უთქვამს, ის თქვა. ძალიან ბევრს უჭირს ლაკონურად და სწორად გადმოსცეს იურიდიული პრინციპი, კონსტიტუციური სწორად აღქმა იმაზე, როგორ უნდა დაბალანსდეს, როგორ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ ეს გადაწყვიტა 5%-იანი ბარიერით. 3%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი აქვს მხოლოდ ოთხ ქვეყანას, მათ შორის იტალიას, დანიას, ნიდერლანდებს და ა.შ. ამ ქვეყნების გარდა, უმეტეს ქვეყანაში მიიჩნევა, რომ ეს არის 5%-იანი ბარიერი. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ,  ვაღიარებთ უმეტესწილად პრინციპებს და ამ შემთხვევაში კონსტიტუციური პრინციპი, როგორც გადაწყვიტეს ევროპის ქვეყნებმა, არის სწორი“, – განაცხადა მდინარაძემ.