მამუკა მდინარაძე - ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა, ვურჩევ, 100/50-ზე მოდელს დათანხმდნენ
ეუთო/ოდირი თუ ამბობს, რომ კონსტიტუციურობის საკითხს ვერ გაარჩევს, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკონსტიტუციურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
შესაბამისად, მდინარაძის თქმით, დასკვნაში არსად წერია, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი კონსტიტუციურია.
„თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, უხერხულია“,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, რომელმაც ეუთო/ოდირს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გაუგზავნა.
„უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს სახალხო დამცველი, რომელსაც ეუთო/ოდირში კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით დასკვნა გააგზავნინეს. პრაქტიკულად, შედეგი მივიღეთ, რომ ეუთო კონსტიტუციურობის საკითხს არ განიხილავს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, არჩევნები დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში სხვა გზა არ რჩება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში გვიწევს, არჩევნები იმ სისტემით ჩავატაროთ, რაც დღეს გვაქვს 77-73-ზე. ოპოზიციას ვურჩევ, იფიქროს, გადაწყვეტილება რაციონალურად მიიღოს და 100/50-ზე მოდელს დათანხმდეს. ამ დოკუმენტში ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება არ არსებობს. როცა თავიდანვე მიუთითებენ, რომ ეუთო/ოდირი არ არის კომპეტენტური, მის კომპენტენციაში არ შედის კონსტიტუციურობის განსჯა, ამის შემდეგ კონსტიტუციურობაზე საუბარი არის უხერხული, არაკომპეტენტურობა და უცოდინრობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა.
დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.