მამუკა მდინარაძე - „ესენი სულ გაგიჟდნენ“, ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მოკლე შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი ტელევიზიების უბინძურეს ტყუილებზე, რომელიც ხალხისგან მომისმენია
„ესენი სულ გაგიჟდნენ“ – ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მოკლე შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი ტელევიზიების უბინძურეს ტყუილებზე, რომელიც ხალხისგან მომისმენია, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, ამ ინსტრუმენტით – სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას.
როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, ისინი ებრძოდნენ ექიმებს, ხალხს და ქვეყანას, იდგნენ ვირუსის მხარეს და ფეიკ ნიუსებით ზაფრავდნენ ხალხს.
გამანადგურებელი მარცხი განიცადეს საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესშიც და სრული ლუსტრაციის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სიტუაციის ესკალაციის და არეულობის მოწყობის გარდა პერსპექტივა არ გააჩნიათ.
სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს, გადაწყვიტეს ერთ-ერთ მაშველ რგოლად 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი გამოეყენებინათ და ეს უმძიმესი ტრაგედია სახალხო მღელვარების საბაბად ექციათ.
მთელი კვირის განმავლობაში ყველანი ვხედავდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, მათი ეგრედ წოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს – ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.
ხელწერა უცვლელია, სხვას აბრალებენ იმას, რასაც თავად აკეთებენ: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა.
თუმცა ყველა ხვდება, რომ სამიზნე არც ბერაა და არც მაგალითად ალეკო ივანიშვილი, რომელსაც „გამთავრებულმა“ „ტვ პირველმა“ ირანული ნავთობით ვაჭრობა დააბრალა.
სამიზნე უცვლელია – ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უბედურების მთავარ მიზეზად მიიჩნევს და სხვათა შორის, სრულიად სამართლიანად, რადგან ამ ადამიანმა ქართველ ხალხთან ერთად ჩამოართვა ნაცებს ხალხზევე ძალადობის ფიზიკური ინსტრუმენტები, მოახდინა მათი სრული ლუსტრაცია და რევანშის შანსიც გაუნულა.
სწორედ აქედან მოდის პერმანენტული საინფორმაციო შტურმი, სადაც უკვე რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ბრალდებების ნაწილს მისი ოჯახის წევრებზე გადაანაწილებენ ხოლმე.
„ნაციონალური მოძრაობის“ სქემაში სიკეთე – ბოროტება, შენება – ნგრევა, მშვიდობა – დესტაბილიზაცია, ქველმოქმედება – მომხვეჭელობა, ბუნებაზე ზრუნვა – ბუნებაზე ძალადობაა და როცა ფაქტები არ არსებობს, მისი მოგონება არც ნაცებისთვის, არც „მთავარი არხისთვის“ და არც მათი კრიმინალური კლასტერის სხვა წარმომადგენლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ბოლო სიუჟეტიც ამ ბინძური კამპანიის ნაწილი და წარმოუდგენელი ბოროტებაა, სადაც არა პოლიტიკოსს, არამედ მის შვილს აბრალებენ დანაშაულს მამის „გასაშავებლად“.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ – რადიკალური ოპოზიცია მსგავსი ქმედებების გამო გარდაიქმნა კრიმინალურ ოპოზიციად. კრიმინალებს სჯის მართლმსაჯულება, ხოლო კრიმინალურ ოპოზიციას – ხალხი. განაჩენი 31 ოქტომბერს გამოცხადდება!“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.