მამუკა მდინარაძე - ერთი წლის თავზე, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, საუკუნის აფერა დალაგდა, წელსაც გამოჩნდა, რომ საქართველოში „ენჯეოები“ პოლიტიკური მიზნებისთვის ფინანსდებიან
ერთი წლის თავზე, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, საუკუნის აფერა დალაგდა. მის სათავეში, „ნაცებთან“ ერთად, ხაზარაძე იდგა, რადგან ეს მისი სამარკო ნიშანია – აფერა, და ამ აფერას თან სდევდა გარედან დიდი მხარდაჭერა, სამწუხაროდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, წელსაც გამოჩნდა, რომ საქართველოში „ენჯეოები“ პოლიტიკური მიზნებისთვის ფინანსდებიან.
„ამ დიდ მხარდაჭერას განაპირობებდა ის, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ ჯგუფს არ უნდოდა, ეღიარებინა, რომ ენჯეოსექტორი ცოტა სხვა მიზნებისთვის ფინანსდება, ვიდრე ეს ქართველ ხალხს ჰგონია. ენჯეოსექტორმა მაშინ დაიცვა თავისი გაუმჭირვალე ფინანსები და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მიუღებელმა კანონმა თავისი საქმე გააკეთა და ყველას აჩვენა, რომ ერთი – ეს იყო საუკუნის აფერა, ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, ანუ ამერიკაში ახლაც მოქმედი კანონი მოინათლა საქართველოში რუსულ კანონად. ამაზე დიდი აფერა რა უნდა ყოფილიყო? წელს უკვე, რამდენიმე დღის წინ, მათ შორის ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის, NED-ის ხელმძღვანელის განცხადებიდანაც კი გამოჩნდა, რომ საქართველოში „ენჯეოები“ ფინანსდებიან პოლიტიკური მიზნებისთვის. ფინანსდებიან, რათა იყვნენ არა „ენჯეოს“ საქმიანობის, არამედ ლგბტ პროპაგანდის მხარეს, ფინანსდებიან, რათა პოლიტიკური მავნებლობის მხარეს იდგნენ და ამის გამჭვირვალობა არავის აწყობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.