მამუკა მდინარაძე - ერთი პროცენტი სიმართლე რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ მხარეს, რა დღეში ჩააგდებდნენ იუსტიციის მინისტრს, ალბათ წარმოგვიდგენია, კითხვებს ვერ სვამენ და ახლა მანდატების დატოვებაზე საუბრობენ
მამუკა მდინარაძე - ერთი პროცენტი სიმართლე რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ მხარეს, რა დღეში ჩააგდებდნენ იუსტიციის მინისტრს, ალბათ წარმოგვიდგენია, კითხვებს ვერ სვამენ და ახლა მანდატების დატოვებაზე საუბრობენ

ერთი პროცენტი სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, მათ შორის სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, რა დღეში ჩააგდებდნენ იუსტიციის მინისტრს, ალბათ ყველას წარმოგვიდგენია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის სხდომის  პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, კითხვებს ვერ სვამენ და ახლა საუბრობენ მანდატების დატოვებაზე, რადგან მიხეილ სააკაშვილი და დავალების მიმცემები რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

„სხვა უბედურება სჭირს „ნაციონალურ მოძრაობას“. მისგან დარჩა ის, რაც დღეს ჩაატარა. პერფორმანსების ჩატარების თავიც კი არ აქვთ. ერთი პროცენტი სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, მათ შორის სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, დღეს რა დღეში ჩააგდებდნენ იუსტიციის მინისტრს, ალბათ ყველას წარმოგვიდგენია. მათ არ გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა, რომ იუსტიციის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და გაეკრიტიკებინათ. ერთადერთი მიზეზი, დასუსტებასთან ერთად, ის არის, რომ თუ არ მოიგონებენ ამბავს, მათ არ აქვთ კითხვები იუსტიციის მინისტრთან, რომლის უწყებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული ყველა პატიმარზე, მათ შორის მათ ბელად სააკაშვილზეც, რომელიც აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ პატიმარია, არამედ სიმულანტი აღმოჩნდა. კითხვებს ვერ სვამენ,  დარჩათ სამწუთიანი ძალიან დაბალ დონეზე შესრულებული პერფორმანსი და ახლა საუბრობენ მანდატების დატოვებაზე, რადგან რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს სთხოვენ როგორც მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი,  ასევე მათთვის დავალების მიმცემები, გარედან თუ შიგნიდან. თავის გადარჩენის მიზნით მანდატები რომ არ დატოვონ, ნაწილი ამბობს, მოდით, ხომ არ სჯობს, შიმშილობა დავიწყოთ, მანდატები არ დავტოვოთ და გავუფრთხილდეთ მანდატებს და ხელფასსო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც რატი ბრეგაძეს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომის დატოვების შემდეგ ფრაქციის დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარები. ხატია დეკანოიძემ განაცხადა: „განვიხილავთ ისეთ ბერკეტებს, რომლებსაც შედეგი ექნება, მანდატების დატოვება ახლა არ განიხილება“. ლევან ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტისთვის მზად არის“.