მამუკა მდინარაძე - ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რუსულია, ფარისევლობაა, რაც ამ საკითხზე ოპოზიციის დეპუტატებმა იკადრეს
„ნაცმოძრაობის“ ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ მიიღებს საქართველოს პარლამენტი, არის რუსული. მათი მავნებლობის და ტყუილების უფრო მეტი ლუსტრაცია ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ახლა ევროპარლამენტში აპირებენ ისეთი კანონის მიღებას, რაც საქართველოში რუსულ კანონად მოინათლა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველოში ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვიან, რადგან არავინ იცის, მდიდარი „ენჯეოები“ ზუსტად რა პროექტებისთვის, რა მიზნებისთვის და რა წყაროებიდან ფინანსდებიან.
„დღესაც, სულ მცირე, სამი ტელევიზია საქართველოში ამ კანონს რუსულ კანონად მოიხსენიებს. ის კანონი, რომელსაც ევროკავშირი იღებს დღეს, რუსულია? არა, ევროპულია. ანუ, ევროპაში ევროპულია, ჩვენთან რუსული იყო. საქმე ისაა, რომ საუბარია ერთსა და იმავე კანონზე. ერთი და იგივე კანონი შეიძლება იყოს ევროპის წინააღმდეგ და რუსეთის წინააღმდეგ? „ნაცმოძრაობის“ ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ ამას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, არის რუსული. მათი მავნებლობის და ტყუილების უფრო მეტი ლუსტრაცია ბუნებაში არ არსებობს. ზუსტად, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ევროპარლამენტი რასაც მიიღებს და დავაინიციროთ, ევროპული იქნება თუ ისიც რუსული იქნება? დაუსვით ეს შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლებს. ხომ არ იქნებიან თანახმა, რომ ასეთი კანონი მივიღოთ? დავსვათ ეს შეკითხვა, ამერიკული ვთარგმნეთ სიტყვასიტყვით და „რუსული“ გახდა საქართველოში.
სისხლისსამართლებრივი ნორმების დართვით, გამკაცრებული რეგულაციებით რასაც ვაპირებდით, რომ მიგვეღო ჩვენ და რაც რუსულ კანონად მონათლეს საქართველოში, ამ მიმართულებით უფრო მკაცრ რეგულაციას იღებს ახლა ევროპარლამენტი. რაც აქ იყო, არც ის იყო რუსული, მისი უფრო მკაცრი ვარიანტიც არ შეიძლება იყოს რუსული. არ შეიძლება, რუსული იყოს ამერიკული ვარიანტის პირდაპირი თარგმანი. პირველზე რომ „რუსული“, „რუსულის“ ძახება დაიწყეს, „ხალხის ძალამ“ ხომ დაარეგისტრირა მეორე, პირდაპირი თარგმანი? შესაბამისად, არც ერთი იყო რუსული, არც მეორე, არც ის არის რუსული, რომელსაც იღებს ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, თუ ხუმრობით არ მივუდგებით ამ საკითხს. სინამდვილეში, ერთი ამერიკული იყო, მეორე ახლა ევროპული იქნება, საქართველოში ანალოგიური იქნება რუსული, რადგან ასე უნდათ. რაც მათ არ მოსწონთ, არის რუსული. რეალურაც, იცით, რატომ იბრძვიან? არავინ იცის, ზუსტად რა პროექტებისთვის, რა ქმედებებისთვის და რა წყაროებიდან ფინანსდებიან. რომელიმემ იცით, ზუსტად რომელი მსხვილი, მდიდარი „ენჯეო“ საიდან და რა მიზნებისთვის ფინანსდება? არ იცით. რაც საჯაროვდება, არის ერთი პროცენტი, 99 პროცენტზე, რაც არ საჯაროვდება, რა ინფორმაცია გაქვთ? რას ნიშნავს ამერიკული დაფინანსება? შეიძლება, ამერიკაში იყოს რაღაც ცუდი ორგანიზაცია, შეიძლება – კარგი. ცუდმა ორგანიზაციამ შეიძლება ცუდი მიზნით დააფინანსოს, კარგმა ორგანიზაციამ – კარგი მიზნით. ამერიკაში რადგანაა, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია კარგია? თქვენ აპრიორში ამბობთ, რომ ამერიკაში მოქმედი ყველა ორგანიზაცია კარგია? საქართველოში, სინამდვილეში, არ ვიცით, რა მიზნით, რამდენით, რა პროექტები ფინანსდება. ამავე დროს, ვიცით, რომ უფრო მკაცრ რეგულაციებს იღებს დღეს ევროპა, ვიდრე იყო საქართველოში. საქართველოში იმას დაერქვა რუსული, ევროპაში არის ევროპული. აბსოლუტური ფარისევლობაა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით იკადრეს ტელევიზიებმა, ოპოზიციის დეპუტატებმა თუ სხვა წარმომადგენლებმა. ტყუილის ხარისხი კი არ გვიკვირს, მაგალითად, შემიძლია, მამუკა ხაზარაძეზე გითხრათ. ადამიანს თავისუფლად შეუძლია, გამოვიდეს და თქვას, რომ მისი საარჩევნო დაპირებაა ფასიანი სტაჟირება. ერთი თვის წინ მივიღეთ ჩვენ ეს კანონი, უკვე გავაკეთეთ, ეს კაცი გამოდის და მთელი სერიოზულობით ამბობს – მე ვპირდები ახალგაზრდებს, რომ თუ ჩემი საქმე იქნება, ფასიან სტაჟირებას დავამკვიდრებ ამ აქვეყანაში. პირველი იანვრიდან შედის კანონი ძალაში. საქართველოში ყველა სტაჟიორი, რომელიც იქნება დასაქმებული, როგორც სტაჟიორი კონკრეტულ დაწსებულებაში, აუცილებლად მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას. მამუკა ხაზრაძე უბრალოდ იტყუება, ამაზე ბინძური მანიპულაცია არ არსებობს“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ევროკომისიამ გუშინ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.