„ნაციონალური მოძრაობა“ კოტრდება და მარგინალიზაცია ხდება, დარბიან რაღაც ბოქლომებით და „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ პანიკაში ჩააგდო.
„საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი დგას პარლამენტთან. ერთი ადამიანიც რომ იდგეს, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს რაღაცას, ჩვენ მას უნდა მოვუსმინოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხალხის რაოდენობა განახევრდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებითაც კოტრდება და მარგინალიზაცია ხდება. ისინი დარბიან რაღაც ბოქლომებით და „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით მოქმედებენ.
დღეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობენ და ყველაფერს ამბობენ. ისინი აგონიაში არიან ჩვენი ამ გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არიან ძალიან გამწარებულები და გაწიწმატებულები. ჩვენ „ნაცმოძრაობის“ გარდა, ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელს არ დავუყენებთ კონკურენტს, თუ ეს ადამიანი იქნება ღირსეული და რეიტინგული და ჩვენი ეს გადაწყვეტილება იქნება უზრუნველმყოფი იმისა, რომ პარლამენტში არა ერთი და ორი, არამედ მრავალი პარტიის, მრავალი წარმომადგენელი იყოს. მრავალი პარტიაა ასეთი. თუ თქვენ ჩემგან ითხოვთ, რომ რომელიმე პარტია დაგისახელოთ, ეს გადაითარგმნება სპეკულაციურ მესიჯებად, მე ამას არ ვაპირებ. ხაზგასმით ვამბობ, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების გარდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.