მამუკა მდინარაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლებასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს
მამუკა მდინარაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლებასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით თავისი წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც აქვს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ვეტოს დაძლევის მიზანია, იყოს გამჭვირვალობა და შეიქმნას საბოტაჟის გამორიცხვის მეტი გარანტია.

„მართლა გასაკვირი და წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანისგან, იქნება ეს ჩვენი ოპონენტი, სავალუტო ფონდის წარმომადგენელი თუ სხვა, რომელიც ამ ცვლილებებიდან გამომდინარე გამოხატავს გაოგნებას, ეს სიტყვაც გავიგე. თურმე გაოგნებას იწვევს, როგორ შეიძლება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდეს პირველი მოადგილე, მას უნდა ჰყავდეს მხოლოდ მოადგილეები, გამაოგნებელია, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავდეს ვიცე-პრეზიდენტი, მხოლოდ პარლამენტში შეიძლება, თავმჯდომარეს ჰყავდეს პირველი ვიცე-სპიკერი და ა.შ. წარმოუდგენელი უბედურებაა, თუ ეროვნულ ბანკს პირველი მოადგილე ეყოლება – ამ მსჯელობაში შევდივართ სერიოზულად, რაც, ვფიქრობ, მართლა გასაკვირი და წარმოუდგენელი ამბავია.

პრეზიდენტმა ორ არგუმენტთან დაკავშირებით იმსჯელა. ერთი გაიზიარა, არაფერი შეუცვლია და მეორეზე თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტი არ უნდა იყოს. თუ დავძლევთ ვეტოს, ეროვნულ ბანკს ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თუ გავიზიარებთ – არ ეყოლება, მეტი განსხვავება არ არსებობს. ამაში ეძებენ ახლა რაღაცას, რაც აბსოლუტურად არარელევანტურია. ერთადერთი მიზნით ხდება ვეტოს დაძლევა – მკაფიოობის, გამჭვირვალობის, საბოტაჟის პრევენციის, გამორიცხვის მეტი გარანტიაა, თუ ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. მეტი განსხვავება არაფერია. იყო კომუნიკაცია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, არ დაგვიმალავს. შეიძლება, ვიღაცამ ამაზე სპეკულაციაც მოახდინოს. არ დაგვიმალავს და ღიად ვთქვით, თუ ჩვენ პრაქტიკაში ვერ ვნახავდით პრობლემას, საბჭოს წევრობაზეა საუბარი, თუ ეს შეთანხმება ძალაში იქნებოდა, მაშინ შეთანხმების თანახმად, ვეტოს არ დავძლევდით, მაგრამ რადგან ეს პირობა დაირღვა მეორე მხრიდან, ანუ პრეზიდენტის მხრიდან, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.