მამუკა მდინარაძე - ექვსი წელია, აჯანჯღარებენ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს, ახლა ყალბი, ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას
ექვსი წელია, აჯანჯღარებენ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს და ახლა ყალბი, ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ორი დღის წინ გამოქვეყნდა „იპსოს“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა.
„აღმოჩნდა, რომ „იპსოს“ ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია. შემდეგ არჩევნებიდან მეორე დღეს იმისათვის, რომ ეს საარჩევნო შედეგები ამერიკული, ევროპული, ქართული საზოგადობის მიერ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა პროგრესის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გადაფარულიყო. გუშინ კი ვინმე გერასიმოვას რაღაც საკურსო ნაშრომი ვნახეთ, რომელიც ეკა გიგაურის კრიტიკაზე იყო დაფუძნებული. რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით. ხუთი და შვიდი პროცენტით რომ ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ, ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარშტურმი.
„ისტერიული პიარ შტურმი ჰქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები თავის მედია საშუალებების მეშვეობით იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ. კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა, ესეც ვფიქრობ, არ არის საკამათო. ამის შემდეგ ინსტიტუციურ რეფორმები, დემოკრატიის გარანტია არის ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი, პროგრესის გარანტიაა, დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარასდროს მოახერხებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს. შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მომავალში, რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს, მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ. სურთ, რამენაირად ქართულ მოსახლეობას მიაწოდონ სულელური, მცდარი ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და ამ დროს ვისი რეიტინგი იზრდება? თურმე მიხეილ სააკაშვილის. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი, რადგან ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გამოგონილი პიარამბავი, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ. ექვსი წელია მთელი მათი ძალადობრივი მანქანა ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ძალადობაზეა გადასული. ექვსი წელია აჯანჯღარებენ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რეიტინგს, ბუნებრივია, მე შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ რეიტინგი იგივეა, რაც 2012 წელს იყო, ეს შეუძლებელი ამბავია. ვერაფერი მოუხერხეს, ახლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას, რაც გამორიცხულია. ქართული საზოგადოება კარგად იგებს ყველაფერს და თავის სახელს არქმევს ყველაფერს. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილმა, ის არის მთავარი ადამიანი, მიიღო ქართველი ხალხის მხრიდან სამოცპროცენტიანი მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.